ქართული ექსპორტიორი კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სავაჭრო მისიებში იღებენ მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ორგანიზებით, 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე ქართული კომპანიები მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში  მონაწილეობას მიიღებენ.
სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინდივიდუალური შეხვედრების (B2B) ორგანიზება გერმანულ ადგილობრივ კომპანიებთან და არსებულ ბიზნესწრეებთან, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ექსპორტიორებს, წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე 5 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას, კერძოდ: შპს „ელსელემა“, შპს „იმერი“, „მოდელების სახლი მატერია“, შპს „ევროტექსი“ და “ემ-ფი-თი“.
მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო მისიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ – ექსპორტის მიმართულების წარმომადგენლები გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას იმ მექანიზმების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამ პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები