ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს 11-12 სექტემბერს ესტუმრება

11-12 სექტემბერს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და გამართავს შეხვედრას ქართველ მკითხველთან. ნობელიანტი მწერალი საქართველოში გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით ჩამოდის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება სვეტლანა ალექსიევიჩის შეხვედრა მკითხველთან.
ავტორმა თანხმობა განაცხადა მოსულ სტუმრებს ავტოგრაფებიც დაურიგოს.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს ნობელიანტი ავტორის შემდეგი წიგნები გამოსცა: „ჩერნობილის ლოცვა“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი), „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე), „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი). სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი ზურაბ ქუთათელაძე).
ღონისძიებაზე დასწრების მსურველები, 2 და 3 სექტემბერს, 12:00-დან 18:00-მდე, გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისს (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N 5) უნდა ეწვიონ და მიიღებენ ბილეთებს უფასოდ. თითო ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ სამი ბილეთი. მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: რუსთაველის თეატრი, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები