დავით მათიკაშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები

„ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კონსტიტუციის პროექტის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მკვეთრად გაუმჯობესებულია 2010 წლის პროექტთან შედარებით.
“ვენეციის კომისია 1995 წლიდან აკვირდება საქართველოში კონსტიტუციის განვითარებას. მათ ძალიან კარგად იციან ყველა იმ პროცესის შესახებ, რაც ვითარდება. ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები, რადგანაც ცვლილებების ეს პროექტი  2010 წლის პროექტს რომ შევადაროთ, ეს არის მკვეთრი გაუმჯობესება, არცერთი უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის ამ პროექტში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს.
“ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები