სოფიო კილაძე: ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის სწორედ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ 2017-2020 წლების სტრატეგიას და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პრეზენტაციამდე კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის სწორედ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია იმ ჯგუფების დაცვა, რომელიც არის ყველაზე მოწყვლადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფლებების დაცვის გრძელვადიანი დემოკრატიული მექანიზმების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა. ჩვენ ეს ანალიზი ჩავატარეთ სწორედ საჭიროებებიდან გამომდინარე.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს მოწვეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიმართავენ ჩვენს კომიტეტს სხვადასხვა საკითხთან და უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც ჩვენს ძალებშია, ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მძიმე პირობები. რაც შეეხება კომიტეტის გამოწვევებს, ძირითადად, რაზეც ჩვენი მოსახლეობა გვეკონტაქტება, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი კომიტეტისთვის. ჩვენი კომიტეტის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს, ამ მიმართულებით სისტემურ რეფორმაზე იმუშაოს. ჩვენ დღეს ასევე გვექნება მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბავშვთა დაცვის კოდექსი, რომელიც არის ჩვენი ინიციატივა და რომელზეც ვმუშაობთ. უკვე გვაქვს შესაბამისი პროექტი მზად, რომელიც ძალიან მალე შევა საბჭოში, სადაც ჩართულები არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. ეს კოდექსი იქნება გარანტი სამართლებრივ დონეზე, რომ თითოეული ბავშვი ჩვენს ქვეყანაში იყოს დაცული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც ასევე ჩვენი კომიტეტის ინიციატივაა და აქაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.