აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებულია – შსს განცხადებას ავრცელებს

აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.
ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.
ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.
ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ნიადაგის პრევენციული დამუშავება.
ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები