„მზიურის“ ბაღში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ფონდი „მოლოდინის”, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახური კომიტეტის ორგანიზებით, „მზიურის“ ბაღის ამფითეატრში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოში 1990-იანი წლების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. საქართველოში ეს თარიღი 2003 წლიდან ოფიციალურად აღინიშნება. თბილისის გარდა ეს დღე ქუთაისში, ზუგდიდში, გორში და ბათუმში აღნიშნეს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
ორგანიზატორების განცხადებით, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, პატივი მიეგოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნას. მხარდაჭერა გაეწიოს მათ ოჯახებს და ამაღლდეს საზოგადოებაში ცნობიერება იძულებით გაუჩინარებულთა პრობლემის შესახებ.
დღესვე დიღმის საძმო სასაფლაოზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავები გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.