გიორგი მღებრიშვილი – ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა აღარ არის
ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ ვართ ახლა უკიდურეს, ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც უკვე გზა გადადის საირმეში. ეს არის ახალი გზა, რომელიც გაიჭრა ჩვენ მიერ. თქვენ ხედავთ, მთაზე განლაგებულია კავშირგაბმულობის მანქანები, რომლებსაც კავშირი აქვთ როგორც ავიაციასთან, ასევე იმ ცოცხალ ძალასთან, რომელიც ტყეში მუშაობს. როგორც გუშინ გითხარით, აქ მობილური კავშირი არ არის, დაფარვის ზონა არ არის და კავშირს ჩვენ ვამყარებთ მხოლოდ და მხოლოდ რაციებით. იმდენად, რამდენადაც ცეცხლის ღია კერები ჩვენ აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, ხოლო თუ ეს გახდა საჭირო. 5 ვერტმფრენი მზადყოფნაში არის იმისთვის, რომ ჩაერთოს ისევ ხანძრის ქრობის პროცესში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ღია კერები ჩვენ უკვე აღარ გვექნება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და სხვადასხვა ადგილში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
“ახლა უკვე, რადგანაც ჩვენ წაღვერის და ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდაცია გვაქვს, ადგილზე ჩასულები არიან გამომძიებლები. ერთი ჯგუფი შესულია ტყეში და ათვალიერებს შემთხვევის ადგილს”, – განაცხადა მინისტრმა.