რას წერს მწერალი ლევან რამიშვილი სიყვარულის შესახებ

მწერალი ლევან რამიშვილი სიყვარულის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავზობთ:
“გუშინ ერთმა მეგობარმა დამიკომენტარა, რომ თურმე ყველა ადამიანის სიყვარული “პოზიორობა” ყოფილა და მეტი არაფერი… გული მწყდება, რომ საქართველოში იდეის დონეზეც კი არ ესმით ის, რაც ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა ამ ქვეყნად…
თუ ეს ასეა, მაშინ ქრისტეც პოზიორი ყოფილა, ბუდაც, კრიშნაც, ლაო-ძიც, რუსთაველიც და, საერთოდ, ყველა ნამდვილი რელიგიური და უბრალოდ ყველა კარგი ადამიანი, ყველა ის, ვინც ადამიანებს ემსახურებოდა – ექვთიმე თაყაიშვილიდან ალბერტ შვეიცერამდე…
ყველა რელიგიის არსი სწორედ სამყაროს ერთიანობის იდეაა და ეგოისტური “სიყვარულიდან” გამოსვლა და საყოველთაო სიყვარულის განცდა. სხვა აზრი არცერთ რელიგიას არა აქვს. თუ ეს ასეა, მაშინ “გიყვარდეს მტერი შენიც” პოზიორობა ყოფილა და სხვა არაფერი…
აქ არაა საუბარი იმაზე, რომ საკუთარი დედა არ გიყვარდეს, ან ვიღაც დედაზე მეტად გიყვარდეს. მაგრამ როგორც ერიხ ფრომი წერს თავის “სიყვარულის ხელოვნებაში”, ნამდვილი სიყვარული ეგოისტურისაგან იმით განსხვავდება, რომ როცა მე მიყვარს ჩემი დედა, ან ჩემი შეყვარებული, მე მისი სახით და მასში მიყვარს ყველა დედა თუ ყველა შეყვარებული… ანუ ჩემი სიყვარული კონკრეტული ადამიანის მიმართ კი არ მაუცხოებს სხვებთან, არამედ პირიქით – მაახლოებს, კი არ მაძულებს მათ, არამედ მაყვარებს.
ეგოისტური “სიყვარული” კი ყოველთვის სხვების ხარჯზეა – მე “მიყვარს” “ჩემიანები” და გამოვყოფ მათ დანარჩენი სამყაროსაგან, რითიც შემოვსაზღვრავ “ჩემს” სამყაროს და ვმიჯნავდა “სხვების” სამყაროსაგან. ამ შემთხვევაში მე ვუპირისპირდები მთელს სამყაროს. მე “მიყვარს” “ჩემები”, იმიტომ, რომ ისინი ჩემს ეგოისტურ ჩაკეტილობაში ერთგვარ ადამიანურ ფონს მიქმნიან და მაგრძნობინებენ, რომ ჩემი ეგოიზმი სულაც არ არის ეგოიზმი, და ამავე დროს, მძულს, ან ფეხებზე მკიდია “უცხოები”.
ასეთ სიყვარულს იმიტომ ვსვამ ბრჭყალებში, რომ, როგორც ფრომი წერს, ეს სიყვარულის კი არა, სინამდვილეში სიძულვილის ფორმაა. ეს არის ერთგვარი სექტანტიზმი, ოღონდ აქ რელიგიური ჯგუფი კი არ არის სექტა, არამედ ოჯახი, სამეგობრო, შეყვარებული წყვილი და სხვა…
ეს იმიტომაც არ არის სიყვარული, რომ თუ მე, ზოგადად, არ მიყვარს ადამინები, შეუძლებელია, რომელიმე კონკრეტული ადამიანი მიყვარდეს. თუ ასე ხდება, ჩემს ამ “სიყვარულს” ყოველთვის რაღაც ანგარება (ფსიქოლოგიური ან მატერიალური) უდევს საფუძვლად.
სამწუხაროდ, საქართველოში სწორედ ეს ჰგონიათ სიყვარული – სწორედ ეს კარჩაკეტილობა, კლანურობა, ოჯახურ-ნათესაური შემოზღუდულობა და მკვეთრი გამიჯნულობა “ჩვენებსა” და “უცხოებს” შორის. ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი გვაქვს უკვე გამჯდარი “ახლობელი”, “შენიანი”, “ნაცნობი”, და ა.შ.
ეს ჩამორჩენილი ფეოდალური მოდუსი იმდენად ჩაშტამპული გვაქვს, რომ არც კი გვჯერა, თუ ვინმე სხვანაირად ხედავს სამყაროს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე მდაბიო, უგუნური, განუვითარებელი და პლებეური ნაცია, რომ ასე მყარად ვართ დამკვიდრებული სწორედ ამ მახინჯ “ჩვენიანურ” მენტალიტეტში. და სწორედ ამიტომ, და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ არ გვიწერია განვითარება”, – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები