ქართულმა კომპანიებმა კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
აზერბაიჯანის „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებით და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15 -კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მთავარი ჯილდო – ოქროს გრან-პრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა. ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.
„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“, აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.