გიორგი მღებრიშვილი: თუ აბასთუმანში ამინდი ხელს შეგვიწყობს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება
„დილიდან ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქრალია. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აბასთუმანში შესაძლებელია დღის ბოლომდე ხანძრის ლოკალიზება მოხდეს, თუ ამინდი არ გაუარესდა.
„დილიდან ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად არის ჩამქრალი. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა.
ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინირებას აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი. ეფექტურად მუშაობენ და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება.
გზები გაიჭრა. დაახლოებით, კიდევ დაემატა 250-დან 300 მეტრამდე გზა, სადაც შევიდნენ სახანძრო მანქანები. გაიჭიმა სახანძრო მილები და უკვე ხდება კერების დამუშავება. სრულიად კოორდინირებულები ვართ, ყველა ორგანო ჩართულია. ბიჭები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტექნიკა უზრუნველყოფილია საწვავით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ყველა პირობა არსებობს, რომ თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, დღის ბოლომდე ხანძარი იყოს ლოკალიზებული”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის ინფორმაციით, აბასთუმანში, ტყეში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ხუთი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მუშაობს.
ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, სულ – 1500 ადამიანი.