გიორგი კვირიკაშვილი: ვინც სტუდენტი ვერ გახდა, მინდა, მათ ვუთხრა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა

„დარწმუნებული ვარ, თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც სტუდენტი ვერ გახდა, შესაძლებლობები ექნება, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი აქვს.
„28 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლას შეუდგა და მინდა, მათ ვუსურვო, ის ცოდნა და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მათ გამოადგებათ. ცხოვრების დინამიკა იზრდება, პროფესიონალური მომზადების კუთხით გამოწვევები საკმაოდ კონკურენტულია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალგაზრდობა გვჭირდება, რომელიც ამ გამოწვევების გასამკლავებლად მომზადებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად დაყენებული იყო, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. ასევე მინდა, ვინც ვერ მოხვდა, მათ ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა და ადამიანების წინ ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთს, ყოველდღიურად ჩნდება. დარწმუნებული ვარ, თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც სტუდენტი ვერ გახდა, შესაძლებლობები ექნება, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები