საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ავრცელებს.
შემთხვევების კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან მისი აღრიცხვა არ ხდება.
რა არის კოკსაკის ინფექცია? – ამის შესახებ პედიატრი მანანა ნანობაშვილი საუბრობს.
ენტეროვირუსული ჯგუფის კოკსაკის ვირუსს მიეკუთვნება ენტეროვირუსული ეგზანთემა – ანუ, ხელ-ფეხ-პირის ვირუსი. მას, ძირითადად, ახასიათებს სეზონურობა, თუმცა, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც აქტიური იყოს.
– როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?
– გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური, რესპირატორული ან ვერტიკალური გადაცემისგზით (დედიდან ბავშვზე). ვირუსი, ძირითადად, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებში, სკოლებში. ვირუსისგან თავის დაცვა შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავით.
– რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?
– არსებობს ამ ვირუსის ქვეჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. მაგალითად: კონიუქტივიტი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, დიარეა, მენინგიტი.
კონკრეტულ ვირუსს, რომელიც ამ ეტაპზეა გავრცელებული, ახასიათებს პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, 4-8 მმ-ის დიამეტრით. დაავადება მიმდინარეობს, ძირითადად, დაბალი ტემპერატურით და მსუბუქად. ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის და ფეხისგულებზე, დიამეტრით 3-7 მმ. გამონაყარი, ძირითადად, 1 კვირაში ქრება. ახასიათებს ქავილი, და ხშირად, გენერალიზებული მიმდინარეობაც, რაც, ძირითადად, ქმნის პრობლემას ქუნთრუშასთან დიფირენცირებაში. ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, ხასიათდება მეტად აგრესიულობით, ტემპერატურის მატებით, ძლიერი ინტოქსიკაციით, გამონაყარით. ქუნთრუშა განსხვავდება ზემოთ აღნიშნული კოკსაკის ვირუსგან, მისი დიფერენცირება და დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები