სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეირჩა

ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს. -ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ავრცელებს.
მთავრობამ, სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან 2 კანდიდატი, ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე და ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე შეარჩია.
როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა.
25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა.
ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73; დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები