ცესკოს დამკვირვებელმა ლევან ბეჟაშვილს პოლიტიკური წარსული შეახსენა

ცესკოს დამკვირვებელმა, უწყებათშორისი კომისიის წევრმა, დენის დავითაშვილმა ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგს „გაკოტრებული პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ხრიკები“ უწოდა, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა უდევს სარჩულად.
ამის შესახებ, უწყებათშორისი კომისიის წევრმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბეჟაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც დიღმის მასივში 67 არარსებული კორპუსია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ლევანს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თავის დროზე, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და რომელმაც ეს წესები შეადგინა, მაშინ ხმა არ ამოუღია. რასაც ჰქვია, დაუდგენელი მისამართები, არარსებული ამომრჩევლები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ორი სიპი მუშაობს და ყველაფერი წესრიგშია. მოსახლეობისკენაა მიმართული მცდარი განცხადებების გაკეთება. მაშინ, როდესაც დადასტურებული არ არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, სასაცილოა. და საერთოდ, ხარატიშვილები და ეს პარტიები შეხმატკბილებულად მოქმედებენ. მე, როგორც ამ დარგში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი, ამ ყველაფერს გაკოტრებული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ხრიკებს ვუწოდებ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა დენის დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები