დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს!
ცესკოს დამკვირვებლისა და უწყებათშორისი კომისიის წევრის, დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების – გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.
„პირველთან“ საუბარში დავითაშვილმა თქვა, რომ ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს სკანერების შეძენის რესურსი, რადგან, პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანონმდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.
„პირველი, სულ ახლახან პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. კონკრეტული საკითხების განხილვის ვადა დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე სკანერების შეძენა ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო, ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტური განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ეს არის არნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძისა და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს, რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.