დემირელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირობას შექმნის, რომ დემირელის სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადასვლის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.
ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა გააკეთა. მისივე განმარტებით, დემირელის სკოლას ჰქონდა დარღვევები, თუმცა ასევე ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები.
„რამდენიმე კერძო სკოლასთან სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოლაპარაკებები მალე დასრულდება და უმოკლეს ვადაში ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს“, – თქვა ასათიანმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დემირელის სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 29 აგვისტოს მიიღო. ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ოქმი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება.
როგორც ცენტრში განაცხადეს, სკოლას გაუვიდა ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა და ამიტომაც თავიდან ჰქონდა განაცხადი შემოტანილი ავტორიზაციაზე. ავტორიზაციის საბჭომ ეს განაცხადი არ დააკმაყოფილა. მათივე ცნობით, სკოლას შეუძლია, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები