„დღის გმირები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები“ – ვინ არიან ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ბორჯომის ხეობაში ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც პერტაია აღნიშნავს, ეკიპაჟმა ვერტმფრენით, ბოლო კვირის მანძილზე, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, 600-მდე გაფრენა განახორციელა და უნიკალური ადგილის გადასარჩენად ბევრი სახიფათო მანევრი შეასრულა.
„თამაზ დათუკაშვილი, იოსებ აივაზაშვილი, თამაზ ლობჟანიძე – ჩვენი დროისა და დღის გმირები, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები…
ამ ეკიპაჟმა ვერტმფრენით, ბოლო კვირის მანძილზე, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, 600-მდე გაფრენა განახორციელა და უნიკალური ადგილის გადასარჩენად ბევრი სახიფათო მანევრი შეასრულა…
დღეს, პრევენციული სამუშაოებისას, ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის ამოღების დროს, ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. თუმცა მაშინ, როდესაც ეკიპაჟის წევრები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდნენ, ისინი უფრო დაკისრებული მისიის შესრულებაზე ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე… ყველაზე კრიტიკულ მომენტში მათი დარდი მხოლოდ ეს იყო, იმდენად, რომ ბიჭებთან მისულ სასწრაფო დახმარების პერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, მანქანაში არ სხდებოდნენ და ადგილზე დარჩენას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ნამდვილი ვაჟკაცური ხასიათი სწორედ ასეთ დეტალებში იკვეთება…
ასეთი თავდადებული ადამიანები ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება და მიხარია, რომ ისინი კარგად არიან – ესაა ერთადერთი ემოცია, რომელიც დღეს მაქვს და რომელსაც ყველას გიზიარებთ.
მადლობა მხარდაჭერისთვის!“, -წერს თეა პერტაია.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები