39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა

“39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს, თავდაპირველად, რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებს გარკვეული რაოდენობა გამოეთიშა.
“ყველა სტუდენტს ვულოცავ ამ წარმატებას. 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუ წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ფაქტობრივად, ანალოგიურია მდგომარეობა, თუმცა, კიდევ უფრო წინა წლებს თუ შევადარებთ, გაზრდილია სტუდენტების რაოდენობა, რაც ნამდვილად კარგია”, -აღნიშნა მიმინოშვილმა.
მიმინოშვილის თქმით, 2013 წელს ე.წ უფასო ფაკულტეტებზე 2450 სტუდენტი ჩაირიცხა, 2017 წელს უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 4051 გახდა. ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან და სრულად დაფინანსდებიან.
„რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, დაახლოებით 6000 ან 6000-ზე მეტია სტუდენტთა რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვეს. 1000-ზე ოდნავ მეტია იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სრულად ფინანსდება’, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მიმინოშვილის თქმით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, სტუდენტი 1047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები