რა ხდება სანატორიუმ “სურამში” და რა დანიშნულება აქვს იქ სასმელ წყალს

დაბა სურამში ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს დასალევად ვერ იყენებს. ონკანის წყალს მხოლოდ სარეცხის გასარეცხად ხმარობენ, რადგან ონკანებში კამკამა წყლის ნაცვლად, მუქი შავი ფერის წყალი მოდის, სილითა და მწერებით გაჯერებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, უსარგებლო სასმელი წყლის გამო, გახშირებულია ისეთი ინფექციური დაავადება, როგორიცაა ენტეროვირუსი. ბავშვებში ხშირია დიარია და ინფექციური დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მიუხედავად ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემისა, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ მომავალ წელს, გრანდიოზული პროექტი იწყება, რის შედეგადაც რაიონში სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად გადაიჭრება.
დაბა სურამში, სანატორიუმ „სურამში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს 25 წელია, რაც სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ და დასალევ წყალს წყაროდან ეზიდებიან. სანატორიუმში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათგან 30 ბავშვია.

ადგილობრივების თქმით, ონკანებში გაუფილტრავი წყალი მოდის, რასაც მხოლოდ სარეცხის გასარეცხად იყენებენ. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა, გია ბენიძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პრობლემით მთავრობას ერთი კვირის წინაც მიმართეს, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
„წყლის პრობლემა 25 წელია გვაწუხებს. არ იფილტრება წყალი. ორი წყალი ჩაედინება ჩვენს აუზში, სადაც გაუფილტრავი წყლებია, ერთი თვითდინებით მოდის, მეორე – ძრავის დახმარებით. არის ძალიან დაბინძურებული, ტალახიანი. წყალი ვარგისიანია, თუმცა ფილტრაციის უქონლობის გამო, გამოუსადეგარია. ამ წყალს სარეცხისთვის თუ გამოვიყენებთ, საჭმლის გასაკეთებლად და დასალევად არ გამოდგება. დასალევად წყაროს წყალს ვიყენებთ. როცა წვიმებია, განსაკუთრებით მაშინ მოდის ძალიან ტალახიანი. მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას ერთი კვირის უკან. წყალსაქაჩი იყო გაფუჭებული, ასი მეტრი კაბელი უნდა შეიცვალოს და აუზები უნდა გაიწმინდოს. იყვნენ მოსულები, მაგრამ დღესდღეობით არაფერი არ შეცვლილა. შეპირება შეპირებად რჩება. შესაბამის ყურადღებას არ გვაქცევენ“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გია ბენიძე.

აღნიშნული საკითხის უკეთ გასარკვევად, „კვირა“ ხაშურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს, ვაჟა შუბითიძეს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ თავმჯდომარე თავად ხაშურში ცხოვრობს და მას სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე სურამში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
გარდა ამისა, ვაჟა შუბითიძემ, სანატორიუმ „სურამში“ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, „კვირა“ დევნილთა და განსახლების სამინისტროში გადაამისამართა.
„წლებია, მაგ სანატორიუმში დევნილები ცხოვრობენ. ეგ პრობლემა პირდაპირ თბილისში უნდა გაარკვიოთ – დევნილთა და განსახლების სამინისტროში“, – – აცხადებს ვაჟა შუბითიძე.
თუმცა, კითხვაზე – თავად ონკანის წყალს სვამს თუ არა, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ იგი ხაშურში ცხოვრობს და ეს პრობლემა არ აწუხებს. ვაჟა შუბითიძემ გვირჩია სასმელი წყლის პრობლემის საკითხი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გაგვერკვია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელის ინფორმაციით, მომავალ წელს რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება და სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. მისი თქმით, ამჟამად აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები პირები სასმელ წყალს „ორხევიდან“ იღებენ, თუმცა ამინდის ცვალებადობის დროს, სასმელ წყლის მილებში ფილტრების არარსებობის გამო, წვიმის წყალი ირევა და იმღვრევა. გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა მისთვის ცნობილია, მაგრამ მისთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს. გამგებელმა სასმელი წყლის არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მომავალ წლის გრანდიოზული პროექტი გაიხსენა.
„ ჩვენთვის არავის მოუმართავს. მათ ძალიან კარგად იციან ჩემი კოორდინატები და არავინ შემხმიანებია. ისე, მომავალ წელს რაიონში გრანდიოზული პროექტი იწყება, სასმელი წყლის მილები შეიცვლება. ეს პროექტი ბევრ არსებულ პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, სანატორიუმში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირები მომავალ წელს აქ აღარ იცხოვრებენ. სამინისტრო მათთვის ახალ შენობას აშენებს და მომავალი წლიდან საცხოვრებლად იქ გადავლენ. რაც შეეხება, დღეს არსებულ სასმელი წყლის პრობლემას, ორშაბათიდან შესაბამის სამსახურებს დავავალებ და მიხედავენ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიორგი გურასპაშვილმა.
ცნობისათვის, რაიონის გამგებელი გიორგი გურასპაშვილიც ხაშურში ცხოვრობს და სასმელი წყლის პრობლემა არც მას აწუხებს.





კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები