“მწვანეთა პარტიის” ლიდერის თქმით, საქართველოში ტყის ხანძრები დამახასიათებელია

“მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოში ტყის ხანძრები დამახასიათებელია და სისტემატურად ხდება.
მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში გაჩენილი ხანძრები, დიდი ალბათობით, დაუდევრობას უკავშირდება. თუმცა, აცხადებს, რომ გამოძიებამაც პასუხი უნდა გასცეს არსებულ კითხვებს.
“ამ შემთხვევაში ეს უფრო დაუდევრობას ჰგავს, თუმცა ის გამოძიებულიც იქნება და გარკვეული პასუხებიც გვექნება. ეს საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენთან ტყის სერიოზული ფართობებია დამწვარი წლების განმავლობაში, მათ შორის 2006 წელს, როდესაც ადიგენის რაიონში, აბასთუმანში 7 დღე გაგრძელდა ხანძარი და ცეცხლმა 500 ჰექტარი ფართობი მოიცვა. საქართველოში ხშირად ხდება ტყის ხანძრები, მას საკმაოდ სისტემატური ხასიათი აქვს, თუმცა დიდ ფართობებზე არ ვრცელდება”, – აღნიშნა “პირველთან” საუბარში გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, გლობალური დათბობისთვის ხანძრებიც დამახასიათებელია, რადგან მაღალი ტემპერატურების დროს მიწა გამომშრალია.
“გლობალური დათბობისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ხანძრებია. კვლევებით ჩანს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურამ 0,6 გრადუსით მოიმატა, დასავლეთ საქართველოში – 0,4 გრადუსით, რაც ძალიან სერიოზული ზრდაა. მით უმეტეს, თუ ამას ემთხვევა უნალექო პერიოდები, მაშინ ხანძრის რისკებიც მატულობს”, – აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
საქართველოში აგვისტოში ტყის რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან მეხანძრეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები