ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიების მიზანს მოზარდებში ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ფესტივალს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები: ვლადიმერ ბოისა და ლევან კობიაშვილი, ასევე, რაგბისტები და ფეხბურთელები შეუერთდნენ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, წყნეთის ბანაკში ამ ეტაპზე მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი 300 მოსწავლე ისვენებს. მათ შორის არიან – წარჩინებული, მცირე კონტინგენტიანი სკოლისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დილიდან სხვადასხვა ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი – ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს ჯანსაღი ცხოვრების სლოგანებისა და პოსტერების შექმნაში, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები რაგბიში, ფეხბურთში, კალათბურთსა და ბალახის ჰოკეიში. შეჯიბრებებში, ბავშვებთან ერთად, სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ასევე გაიმართა კულინარიული მარათონი – ვინ უფრო სწრაფად გადაარჩევდა ჯანსაღ პროდუქტებს, მოეწყო სლოგანებისა და პოსტერების გამოფენა, ჟიურის მიერ, მათ შორის საუკეთესოებიც გამოვლინდა.
გამორჩეული სლოგანებისა და პოსტერების ავტორები, ასევე სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები მინისტრებმა დააჯილდოვეს. მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბოისამ კალათბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს წიგნები გადასცა, სადაც მის წარმატებულ სპორტულ ცხოვრებაზეა მოთხრობილი. ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ „ჯანსაღი ცხოვრების ელჩები“- მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი ქალაქის, რაიონისა თუ, სოფლის სკოლებში პოპულარიზაციას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სკოლებს უკვე მიეცათ რეკომენდაცია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი შესთავაზონ. ამასთან, სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა სკოლის ბუფეტების ფუნქციონირების საერთო წესი, რომლის თანახმად, ბიზნეს ოპერატორებს სკოლებში ეკრძალებათ ისეთი არაჯანსაღი საკვების შეტანა, როგორიცაა წასახემსებელი ჩიფსები, კანფეტები, შოკოლადები, გაზიანი სასმელები (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) და ზოგადად, ზედმეტად მარილიანი და მაღალშაქრიანი პროდუქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები