დრონის მფლობელებისთვის 1-ელი სექტემბრიდან მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება

2017 წლის პირველი სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება.
როგორც “კვირას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან. ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფომრაციით, მათ გაითვალისწინეს და მხედველობაში მიიღეს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტთან დაკავშირებით ოპერატორების მიერ კონსულტაციების ფარგლებში გამოთქმული წინადადებები, შესაბამისად, წესის პროექტს დაემატა საჰაერო ხომალდის მოდელის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები;
დაშვებული სიმაღლე – 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე.
რეგისტრაციისა და ექსპლუატაციაზე თანხმობის მიღებისთვის სერიული ნომრის წარდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მარეგულირებელი ნორმების ამოქმედებამდე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა:
* უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;
* დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;
* მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ოპერირებას ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარ დადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში;
* მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;
* მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებას საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6000 მეტრს;
* მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. მოერიდეთ დრონების ოპერირებას 400 ფუტ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;
* მოერიდეთ დრონების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
* გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები