რა სკანდალებში იყო გახვეული გიორგი სიგუა – ვინ არის GEM FEST-ის რეალური მფლობელი

შეიძლება ითქვას, რომ რამდენჯერაც გამოჩნდა, იმდენჯერ სკანდალითა და ხმაურით. გიორგი სიგუას ეპატაჟს მედია შეეჩვია, თუმცა, ახლა ის გამოძიების პირისპირ დარჩა და ხმაურისთვის ნაკლებად სცალია. ამიტომაც კამერების წინ ზომიერად საუბრობს, ტონიც მშვიდი აქვს და ეპატაჟიც დაივიწყა – ცდილობს, სოლიდური გამოჩნდეს და მისი განცხადებები დამაჯერებელი იყოს.
ყურადღება კი პირველად 2012 წელს მიიქცია, როცა სიამოვნებით ყვებოდა, როგორ მივარდა პრეზიდენტ სააკაშვილს პრინსტონის უნივერსიტეტში და მისთვის უსიამოვნო კითხვები დაუსვა.
„სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ჰქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემს კითხვებს უსმენდა“, – სიამაყით თქვა მაშინ სიგუამ და არც ის დაუმალავს, რომ: „მხოლოდ დადებითი ემოციები მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ შეხვედრაზე მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ქართველი, რომელიც მხოლოდ ტაშის დასაკრავად არ იყო მისული. ეს შეხვედრა იყო პრინსტონის უნივერსიტეტში და მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი აუდიტორია, ძირითადად, ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. იქ საკმაოდ მწვავე კითხვები დავუსვი, რასაც მიხეილ სააკაშვილისგან საშინელი რეაქცია მოყვა – აიჭრა“.
2013 წელს გიორგი სიგუა უკვე ტურიზმის დეპარტამენტს იბარებს და ფიცს დებს, რომ ტურისტების რიცხვს გააათმაგებს და სხვადასხვა სერვისებით შეეცდება მათ მოზიდვას.
თითქმის მაშინვე შეუდგა საქმეს და სკანდალური „კაზანტიპის“ ფესტივალის ჩატარების შესახებაც აცნობა ხალხს. და ხმაურიც მაშინვე დაიწყო. ეს ფესტივალი ბევრისთვის ორგიებთან და ნარკოტიკებთან იყო ასოცირებული, სიგუასთვის კი – ტურისტებთან და შემოსავლებთან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან ქალბატონს ჰკითხა: თქვენ გქონიათ სექსი პლაჟზე?
როგორც ამბობენ, ეს ფრაზა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ეკონომიკის მინისტრმა ის თანამდებობიდან მოხსნა.
„შეხვედრაზე ვარ და ორი სიტყვით გეტყვით: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ არის გადაჭარბებული, ისევე, როგორც ხმები ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, – განაცხადა მაშინ სიგუამ და დასძინა: „არსად არ მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას“.
იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ, ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და სიგუას გადაყენება დაადასტურა:
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გაცნობებთ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გიორგი სიგუას დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სამინისტროს მხრიდან, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გიორგი სიგუას გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
კერძოდ, 4 აგვისტოდან დაკავებული თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. აქვე გვსურს, განვმარტოთ, რომ გიორგი სიგუას მიერ 30 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თითქოსდა არ იყო ინფორმირებული თანამდებობიდან მისი შესაძლო განთავისუფლების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება – პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი განთავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს გიორგი სიგუას განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აგვისტოში არ აპირებს თანამდებობის დატოვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო – ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის მას მინისტრის სახელზე უკვე დაწერილი ჰქონდა განცხადება 4 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე შვებულებით სარგებლობის მოთხოვნის შესახებ.
აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 29 ივლისს დარეგისტრირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი სიგუა ახლაც ამტკიცებს, რომ გამოძიებას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს და არც არაფერში ედავება. და მაშინ რატომ გაგრძელდა ფინანსური სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი დაკითხვა 11 საათის განმავლობაში?

როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს მსგავსად ოფიციალური განცხადების გაკეთების აუცილებლობა ფინანსურ სამინისტროშიც გააკეთეს:
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმის“ მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებებისა და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფესტივალის ორგანიზატორებისა და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს „არტ პლატფორმას“ დირექტორი გიორგი სიგუა.
უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე, მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ამასთანავე, საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპს „არტ პლატფორმას“ გადასცეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“. – ნათქვამია განცხადებაში.
სიგუას მიმართ საზოგადოების რეაქცია ან დადებითი იყო ან მკვეთრად უარყოფითი. ამის გამო ერთხელ სალომე ზურაბიშვილმა ის მიხეილ სააკაშვილსაც კი შეადარა. თავად სიგუას პოლიტიკისადმი ინტერესი არასდროს დაუმალავს. ადრე აცხადებდა, რომ ის საკუთარ თავს გიორგი მარგველაშვილის გუნდში მოიაზრებს. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეალურად GEM FEST-ის მესაკუთრე გიორგი სიგუა არ არის, ის მხოლოდ გენერალური დირექტორია და შესაბამისად, დავალიანების გასტუმრება მას სულაც არ მოუწევს. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ფესტივალის პიართან შევეცადეთ, თუმცა, მაია სიხარულიძის განმარტებით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გიორგი სიგუა კი ზარებს არ პასუხობს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ძიება ფინანსური დოკუმენტაციით შემთხვევით არ დაინტერესდა, საქმეში სერიოზული აფიორული სქემები იშიფრება, თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა და საბოლოოდ გამოძიება დაადგენს, სად იყო დარღვევა და სად გადაცდომა ან შეცდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები