შპს “ტრანსსერვისის” იურისტი: საწარმოს დაზარალებულები თავიანთ ქონებაზე თავადვე არიან პასუხისმგებელნი

ე.წ. ისნის ბაზრობის მფლობელი შპს “ტრანსსერვისის” იურისტის, ავთანდილ კახნიაშვილის განცხადებით, საწარმოს დაზარალებულები თავიანთ ქონებაზე თავადვე არიან პასუხისმგებელნი. როგორც ავთანდილ კახნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ხანძრის პირველი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინაც იყო და იმ დროს 20-მდე ჯიხური დაიწვა. იურისტის განცხადებით, გამოძიება მაშინდელ საქმეზე დღემდე არ არის დასრულებული. მისივე ინფორმაციით, გუშინდელი ხანძრის შედეგად, დამწვარია დაახლოებით ორმოცამდე სავაჭრო ობიექტი, თუმცა ზუსტი სია დგინდება.
“მუშაობენ სამართალდამცველები. ექსპერტის დასკვნა ალბათ, დაიდება უახლოეს მომავალში და ამის შესაბამისად იქნება საუბარი ზიანის ანაზღაურებაზე”, – განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არის სავალდებულო დაზღვევა.
“რაც შეეხება თვითონ დაზარალებულთა ქონებას, ეს არის მათი ინდივიდუალური საკუთრება, ანუ საწარმოს მათთვის მიქირავებული აქვს ფართები, როგორც ეს ხდება სხვა ბაზრობებზე, ეს არის მათი საკუთრება და თვითონ არიან პასუხისმგებელი თავიანთ ქონებაზე. კანონით, თვითონ არიან პასუხისმგებელნი, იქონიონ ხანძრის საქრობი პირველადი საშუალებები”, – განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან უსაფრთხოების ზომები დაცულია და ტერიტორიაზე არის დაცვის სამსახური.
“კარგი იქნებოდა, რომ მერიას და ქალაქს ჰქონოდა ე.წ. სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ამის ლოკალიზებას მალევე მოახდენდა. როგორც ვიცი, დაცვამ ოპერატიულად შეამჩნია. იმის გამო, რომ ქაფი არ იყო გამოყენებული, წყლით ოპერატიულად ვერ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა და ზარალი დიდია. თუმცა, მადლობა სახანძროს და პატრულს, რომელიც მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ზარალი ყოფილიყო მინიმალური”, – განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
ბაზრობის იურისტის აღნიშნულმა კომენტარმა ტერიტორიაზე შეკრებილი დაზარალებული სავაჭრო ობიექტების მფლობელების უკმაყოფილება გამოიწვია. დაზარალებულები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ ადმინისტრაციამ უნდა აიღოს. აღნიშნულის საპასუხოდ, ბაზრობის იურისტმა აღნიშნა, რომ მას არ რცხვენია, რადგან ტყუილს არაფერს ამბობს. ამის შემდეგ, დაზარალებულებსა და ბაზრობის იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები