,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“ – სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა სამუშაო შეხვედრა -,,ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“ გამართა.
როგორც „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ლიტვის ბიომასის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი ვირგინიუს რამანაუსკასი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
საქართველოში არსებობს მყარი ნარჩენი ბიომასის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას თანამედროვე მყარი ბიოსაწვავის წარმოებისთვის (პელეტი, ბრიკეტი, ჩიპსი/ნაფოტი) და ამით მნიშვნელოვანწილად დაიფაროს რეგიონებში სათბობზე მოთხოვნილება.
ეს ბიომასა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს (თეორიული პოტენციალი წელიწადში 5-7 მლრდ.კვტ.სთ), სატყეო და მერქნის დამუშავების ნარჩენებს, ასევე ხეების გადაბელვის და სხვა ნარჩენებს (ჯამში თეორიული პოტენციალი დაახლოებით 1 მილიონი მ3 სათბობი მასალა). იმისათვის, რომ ეს ნარჩენები ჩაერთოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბრუნვაში, საჭიროა გატარდეს სახელმწიფო ღონისძიებათა კომპლექსი, რისთვისაც უნდა შემუშავდეს მყარი ბიოსაწვავის წარმოებისა და მოხმარების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და გავრცელების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
განახლებადი ენერგიის ათვისება-გაზრდის ქვეყნისა და ენერგომომხმარებლების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას; ქვეყანას დაეხმარება, დააკმაყოფილოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, კერძოდ კი ევროკავშირის განახლებადი ენერგიის დირექტივის განხორციელების მოთხოვნების შესრულებაში, შეშის ჩამნაცვლებელი საწვავის შეთავაზებით ხელს შეუწყობს არალეგალურ ჭრების აღმოფხვრას და ეკოლოგიური კრიზისის შემცირებას; ხელს შეუწყობს ამჟამად გამოუყენებელი რესურსების ათვისებას და მის ჩართვას მწვანე ეკონომიკის განვითარებაში;
გააუმჯობესებს სოფლად დასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონულ განვითარებას;
შეამცირებს შეშის არამდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ გაფრქვევებს და დაეხმარება ქვეყანას კლიმატის ცვლილების კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები