დაჩი ცაგურია: უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ არშემდგარი პოლიტიკოსის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას
საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. ცაგურია თვლის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი წლებია ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და პერმანენტულად ავრცელებენ სიცრუეს.
“ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს, მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მისი ყოფნის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა.
ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანა პეტრიაშვილის ჯგუფმა, რომელიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებს. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებულნი, ისინი ყოველთვიურად რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით, ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება”, – განაცხადა ცაგურიამ. მისივე თქმით, რკინიგზელები, რომლებიც აქციას მართავენ, შეცდომაში შეიყვანეს, მათ შეუძლიათ სამსახურში გამოცხადდნენ და გააგრძელონ მუშაობა. “ეს ადამიანები იგივე ხელფასით გადაიყვანეს ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებს საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რაც შეიძლება მალე გამოცხადდნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხიმგებლო საქმე აკისრიათ.
მათ უნდა ლიანდაგი შეამოწმონ, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის. მათ ვთხოვ, რომ კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებულნი ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს და იმ თავის სქელ ქონს კიდევ უფრო მეტად გაისქელებს”, – განაცხადა ცაგურიამ.