“პრინციპულად და შეგნებულად არ ვუსმენ არცერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც ამას მოვუწოდებ”
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაზალეთში, კონსტიტუციის საზაფხულო სკოლის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრისას, რუსული და უკრაინული მედიით გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ის არ უსმენს არცერთ ფარულ ჩანაწერს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს.
მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, უკანონობა და თუ ვინმე შედის ამ პროვოკაციებში, ამ პროცესს აძლიერებს.
“ჩვენ ვნახეთ, როგორ დაასრულა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოღვაწეობა. რა მეთოდებსაც თვითონ იყენებდნენ, ისე დაუმთავრდათ. ეს სტილი ვნახეთ ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წინაღმდეგ და დღეს დარტყმის ქვეშ არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის წევრი. არცერთი ფარული ჩანაწერისთვის, ვიდეოსთვის მე არ მომისმენია შეგნებულად. არც ლექსიკაზე და ტემბრზე არ ვისაუბრებ, რადგან პრინციპულად არ ვუსმენ და სხვებსაც მოვუწოდებ, კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ეს არის პროვოკაცია, უკანონობა და შენ თუ შედიხარ ამ პროვოკაციებში, ამ პროცესს აძლიერებ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.