არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს- შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო
“ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობას სთავაზობს.
„საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი – საკონსტიტუციო რეფორმა. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვებიც. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს – ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება შეხვედრის კონკრეტულ ადგილს და დროს, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის ტექნიკურად მზად არის და ადგილის და დროის შესახებ ოპოზიციურ პარტიებს უმრავლესობის აპარატი დაუკავშირდება.