გიორგი კვირიკაშვილი ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.  როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგს მადლობა გადაუხადა ივნისში მიღებული რეზოლუციისთვის – „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერა და შეუქცევადი განგრძობადობის უზრუნველყოფა”, რომელიც აღიარებს საქართველოს დემოკრატიულ-ინსტიტუციურ პროგრესს და რეგიონში მის ლიდერობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის, ასევე – საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მიმართულებით.
საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს როგორც ევროპული, ისე – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ პასპორტიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მეტი აქტიურობის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 13 მონიტორის ჩართვისთვის.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ინტენსიურ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე იმ ფაქტს, რომ 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანული დასახლებების 200 და საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი.
მხარეების შეფასებით, წარმატებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რაც არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.
უმაღლესი და პროფესიული განათლების რეფორმაზე საუბრისას, ფრანც იოზეფ იუნგმა გამოთქვა მზადყოფნა, გერმანიამ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება განათლების სისტემაში ე.წ. დუალური მოდელის დანერგვის პროცესში.
პრემიერმა ასევე ისაუბრა მმართველობის რეფორმაზე, რომელიც მმართველობის პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის უკვე ფუნქციონირებს ინვესტორთა საბჭო და ანალოგიური პლატფორმების შექმნა იგეგმება, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე – პოლიტიკური პარტიებისთვის.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მონიკა ლენჰარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი