„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა“ – რატომ ჩამოდის Coca Cola-ს სათავო ოფისიდან ჯგუფი ქართული ბაზრის შესასწავლად?

0

„არ ვიცი, რა მოხდა ქართულ ბაზარზე, ამას Coca Cola-ს სათავო ოფისიდან ჩამოსული ჯგუფი შეისწავლის“, – განუცხადა „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ 2017 წლის შეფასების კომენტირებისას.
როგორი იყო 2017 წლის 6 თვე კომპანიებისთვის და შეუწყო თუ არა ბიზნესს ხელი ხელისუფლების მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა? ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ რამდენიმე ბიზნესმენს უკვე ესაუბრა. ამჯერად 2017 წლის 6 თვე თემურ ჭყონიამ შეგვიფასა.
როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, „2017 წლის 6 თვის შედგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“.
„ჩვენ ჩვენი სტატისტიკა და ფორმულები გვაქვს. ამდენი წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი სერიოზული ზრდა არასდროს გვქონია. ყოველი წლის ბოლოს მომავალი წლის პროგნოზებს ვაკეთებს, 2017 წელსაც, როგორც ყოველთვის, ზრდა გამოცდილებისა და ინვესტიციების მიხედვით გვქონდა დაგეგმილი. გათვლილი გვქონდა, რომ გაყიდვები გაიზრდებოდა მაქსიმუმ 10%-ით, თუმცა 6 თვის სურათი სრულებით განსხვავებული აღმოჩნდა. 2016 წელთან შედარებით 2017 წლის 6 თვეში გაყიდვები 31%-ით გაიზარდა და რატომ, ამას აქ ზუსტად ვერ ვხსნით. ამიტომაც უახლოეს დღეებში Coca Cola-ს სათავო ოფისიდან მარკეტინგის სპეციალური ჯგუფი ჩამოდის, რათა ქართული ბაზარი შეისწავლოს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, ზრდა სავარაუდოდ, ტურისტების მატებას და ზოგადად ახალ თაობაში Coca Cola-ზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.
„მაგრამ ეს ზუსტად მაინც არ ვიცი და ამას სპეციალისტები შეისწავლიან. ერთ კი ვიცი, რომ ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია, სტაბილური ეკონომიკა ყოველთვის ავითარებს და ზრდის ბიზნესს. დღეს კი საქართველოში ნამდვილად სტაბილური გარემოა“, – განუცხადა „კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.
რაც შეეხება ესტონური მოდელის შედეგს, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და რომელსაც სექტორი ბიზნესისთვის ერთ–ერთ ყველაზე ხელშემწყობ მიმართულებად ასახელებს, თემურ ჭყონია ჯერ ვერ აფასებს.
ცნობისათვის, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.
ცვლილებების მიხედვით, კომპანია, რომელიც მოგებას არ გაინაწილებს და თანხის რეინვესტირებას განახორციელებს, მოგების გადასახადს არ გადაიხდის. განაწილებული მოგება კი ჩვეულებრივ, კვლავ 15%-ით დაიბეგრება.
„ე.წ. ესტონურ მოდელს, რა თქმა უნდა, ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ, მაგრამ შედეგებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. რა გავლენა მოახდინა ამან ჩვენს ბიზნესზე, მხოლოდ წლის ბოლოს შევაფასებ“, – განუცხადა „კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.

კომენტარები

კომენტარი