რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ღამით, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
„არმავირში, დრონის ნამსხვრევები კომპანიის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა. კრასნოდარში საწყობის კომპლექსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი – საშუალო სიმძიმის. ისინი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დანარჩენ ექვს დაშავებულს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა. ღამით მომხდარი თავდასხმისა და საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება“, – განაცხადა კონდრატიევმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, დრონის ფრაგმენტები ასევე დაეცა კრასნოდარში ორ საცხოვრებელ კორპუსს და დინსკაიას სოფელში ორ კერძო სახლს, თუმცა არავინ დაშავებულა.
„მე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დავავალე, დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ. ადგილზე საგანგებო და სპეციალური სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა გუბერნატორმა.