სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდნენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ კონტექსტში გერმანიის სახელმწიფოს საქართველოსადმი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობაზე.
საუბრი დაეთმო ასევე სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს.
სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის მიმდინარე პროექტებში გერმანული მხარის, კერძოდ, GIZ-ის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი როგორც მთლიანდ საპარლამენტო, ასევე საკომიტეტო დონეზე.
„გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი პარტნიორი. დღევანდელი ვიზიტი და შეხვედრა ბატონ იუნგთან სწორედ ამის დასტურია, რომელმაც მოგვცა გზავნილი, რომ გერმანია კვლავაც საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. გერმანია აქტიურად გვეხმარება რეფორმებში, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ გზაზე და დეოკუპაციის საკითხებში, რაც დადასტურდა 28 ივნისის გერმანიის ბუნდესტაგის მიერ რეზოლუციის მიღებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი მხარდაჭერა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე დეოკუპაციის კუთხით”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ სოფო კილაძემ.
წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის იუბილე და ამ თარიღთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება და ვიზიტი გაიმართა და დაიგეგმა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგის ვიზიტი საქართველოში.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებზე – ევროატლანტიკურ კურსზე, დეოკუპაციაზე, ამ კუთხით რა შეიძლება გაკეთდეს და რას აკეთებს ქვეყანა. საუბარი შეეხო, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში. შეხვედრაზე დავსვით საკითხი გერმანიის ბუნდესტაგის და საქართველოს პარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც კომიტეტების დონეზე, ასევე, ვფიქრობთ, რომ შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ გარკვეული სახის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანელი და ქართველი სტუდენტების გაცვლას და მათ სტაჟირებას ან პრაქტიკას საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.