გიორგი მღებრიშვილი: „ფე-ეს-ბე“-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას
„სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.
შს მინისტრი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ანტიპიარად თვლის, რომელიც, როგორც მინისტრი აცხადებს, ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. მღებრიშვილი მომხრეა, ექსერტიზა ჩატარდეს.
„თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები, მე გეტყვით, რომ „ფე-ეს-ბე“-ს აგენტები და ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.