თამარ ჩუგოშვილი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
როგორც ”კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები როგორც საპარლამენტო კუთხით, ისე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საკითხებს.
თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
„ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება არა მარტო საერთაშორისო, არამედ ორმხრივ ფორმატებში. კორეის რესპუბლიკისა და აზიის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხადაჭერის საკითხი და ამას ხაზს ვუსვამთ ყველა ოფიციალური შეხვედრის დროს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ ორივე ქვეყნას მსგავსი პრობლემები აქვს საგარეო საფრთხეების არსებობის კუთხით.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ ჩვენ მსგავსად, კორეის რესპუბლიკასაც აქვს მეზობელი ქვეყნიდან მუდმივად მომდინარე საფრთხეები და ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ ერთმანეთის დახმარება საერთაშორისო ფორმატებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
„ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ უვიზო მიმოსვლას კორეის რესპუბლიკასთან. საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა, რაც ხელს უწყობს ტურიზმისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამიტომ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ დავსვით შეხვედრაზე, იყო უვიზო მიმოსვლის თემა. ვისაუბრეთ, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საკითხზეც. ზოგადად, კორეის რესპუბლიკას აქვს პროექტები, რომლითაც საქართველოს ეხმარება, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკის სფეროში. კორეის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი პარტნიორია და ურთიერთობების გააქტიურება ხელს შეუწყობს ამ პროცესების გაგრძელებას და გაძლიერებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იუ სინ ჰი და მეგობრობის ჯგუფის წევრები.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და ჯგუფის წევრები: ირინე ფრუიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.