მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული“, – აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც Страна.ua – ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზებით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც, პრინციპში, ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება.
რაც შეეხება ამ კონკრეტული ადამიანის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული. როდესაც ადამიანი ექვემდებარება სამართლებრივი თვალსაზრისით ექსტრადირებას, ის უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ქვეყნისათვის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, Страна.უა-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები), „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აუდიოჩანაწერზე საერთაშორისო საექსპერტო ბიუროსთვის წარდგენას ითხოვს.