კახა კალაძე: თბილისში ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას დავნერგავთ
“თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განმარტა, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვაც.
„ჩვენ დავამუშავებთ პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიან ხედვას. მე მგონია, რომ მხოლოდ ერთი -ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩვენ გვაქვს 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელთაც სისტემატური ზრუნვა, განვითარება და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასათვის სასიამოვნო იქნება.
ასევე მნიშვნელოვანია თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ უამრავი აუთვისებელი ადგილი გვაქვს, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები იზრდებიან. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.