ოფიციალური თბილისი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები შეწყვიტოს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების ფაქტს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპერატიულად მიეწოდათ ინფორმაცია.
9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გაივლო მავთულხლართები. აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს.