კახა კალაძე: სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში პარკინგის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, რომ მისი მენეჯმენტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელოს. ამის შესახებ კახა კალაძემ საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომელსაც მისი კონკურენტები აკეთებენ, პოპულისტურია და ამით პრობლემა ვერ გადაწყდება.
„დღეს მინდა შევეხო ისეთ აქტუალურ საკითხს, რომელიც ძალიან აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ეს არის პარკირება.
როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც რეალურად თბილისელებს მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოსური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის ინტერესთა კონფლიქტი.
ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელი, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც მგონია, კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად, ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა რეალურად იმ პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება, რომელიც თბილისს და თბილისელებს აწუხებთ. ამიტომაც, მე მგონია, რომ საჭიროა საკითხისადმი სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა. მე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას და მგონია, რომ სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.
ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება მათი ინტერესები დაცული. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც სჭირდებათ თბილისელებს. ეს იქნება პარკინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაწილია“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები