„საქართველომ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, ეს არის არაღიარების ბრძოლა და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ დეოკუპაციის ბრძოლასაც“

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის გამოეხმაურა. როგრც მან აღნიშნა, საქართველომ არაღიარების ბრძოლა მოიგო და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ დეოკუპაციის ბრძოლასაც.
მისივე თქმით, რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ემსახურება სწორედ იმას, რომ როგორმე საერთაშორისო საზოგადოების თვალში დაიბრუნოს იმიჯი. პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, დახმარებაზე საუბარი სასაცილოა.
”ლეგიტიმაცია იმ უამრავი უკანონობისა, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში, მავთულხლართების გავლებაში და იმ ბევრ საშინელებაში, რომელსაც ჩადის რუსეთის ფედერაცია – შეუძლებელია. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ემსახურება სწორედ იმას, რომ როგორმე საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთმა დაიბრუნოს იმიჯი. საქართველომ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო, ეს არის არაღიარების ბრძოლა და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ დეოკუპაციის ბრძოლასაც. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით აუცილებლად მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
თავად სიტყვა – ფინანსური დახმარება, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რადგან ეს არის ტერიტორიები, რომლის მითვისებასაც ცდილობს რუსეთის ფედერაცია და ამ ხნის განმავლობაში ამისთვის იყენებს ფინანსურ რესურსს. რეალურად, არანაირი დახმარება მოსახლეობამდე არ მიდის. რიგითი მოსახლეობის ყოფა რომ ნახოთ, ვერ იტყვით ნამდვილად, რომ მოსახლეობას რაიმე შესძინა რუსული ჯარის იქ დგომამ. არანაირ დახმარებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს იმ პირობებში, როცა ძალაუფლების განხორციელების წყარო არის რუსი ჯარისკაცი”, – განაცხადა ფხალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები