უშიშროების საბჭოს მდივანი შინდისში დაღუპული სამხედროების მემორიალს ეწვია

აგვისტოს ომის დაწყებიდან 9 წლის აღსანიშნად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი სოფ. შინდისში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალს ეწვია და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

“2008 წლის აგრესია იყო რუსეთის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევნის წინააღმდეგ. ეს იყო ბრძოლა თავისუფლების იდეის, იმ თანამეგობრობის წინააღმდეგ, რომლის წევრებიც აღიარებენ სუვერენული ერებისა და სახელმწიფოების უფლებას თვითონ განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

უთანასწორო, უსამართლო ომმა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, სამშობლოსთვის თავდადებული ჯარისკაცები შეიწირა. ახალგაზრდები, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს საქართველოს თავისუფლებისთვის და ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობისთვის. თუმცა, ისინი არ იყვნენ მარტო ბრძოლის ველზე.

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად 2008 წელს სხვა გმრებიც ვნახეთ. მტეთან იბრძოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები – რომლებიც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდნენ რუსეთის აგრესიას, ქართველი ექიმები, რომლებიც სიმამაცის მაგალითად იქცნენ. იმ დღეებში იბრძოდნენ ჩვენი დიპლომატები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები.

2008 წელმა აჩვენა ქართველი ერის სიმტკიცე და ნათლად დაგვანახა -ეროვნული სიმტკიცე და ერთიანი ეროვნული მიდგომა ერთადერთი გზაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავუპირისპირდეთ გაცილებით დიდ და ძლიერ მტერს.

საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ფაზა 2008 წელს საკმაოდ მალე ამოიწურა, დღეს ომი ისევ გრძელდება. გრძელდება პოლიტიკური, დიპლომატიური ბრძოლა. მაგრამ ყველაზე მთავარი – გრძელდება ომი ჩვენს გონებაში. ნებისმიერი ბუნდოვანება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც შეიძლება ვინმემ შეიტანოს ამ ომის მიზეზებში, ნებისმიერი ბუნდოვანი შეფასება მავთულხლართების, მცოცავი ოკუპაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იწვევს ჩვენი მორალის, სულიერი სიმტკიცის გატეხვას – რაც დაუშვებელია.

ბრძოლაში გამარჯვებისთვის ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ეს იქნება საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად”,   – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები