ნინო ბურჯანაძე: თუ გინდათ, ამ მემორიალს კიდევ დამატებითი ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს, რუსეთს უნდა ელაპარაკოთ

„თუ გინდათ, ამ მემორიალს კიდევ დამატებითი ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს და თუ გინდათ, ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში, რუსეთს უნდა ელაპარაკოთ“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ბურჯანაძე “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივის გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკებები სისხლის სამართლის წესით დასჯას უნდა დაექვემდებაროს.
„გვინდა, მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს და დავარწმუნოთ, რომ მათი გმირების ხსოვნა ყოველთვის იქნება მომავალი თაობების გულში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შევძლოთ, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, ამისათვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში სუფევს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ის აცხადებს, რომ რაც შეზღუდვებიც არ უნდა დაწესდეს, ის რუსეთში მაინც ჩავა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სიბრიყვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ისე, „თავისუფალი დემოკრატები“ რომელი პარტიაა? ყველა ლიდერი რომ სადღაც გადანაწილდა? გარდა ამისა, ერთი რამეც მინდა გაგახსენოთ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით, დააჩქარა რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი.
“თუ მაინც შედგა ვიზიტი, ეს იქნება პასუხი იმ უმსგავსობაზე, რაც საჩვენებელი წვრთნების სახით ჩატარდა საქართველოში, რადგან ეს არ იყო არც სწავლება და არც წვრთნა, ეს არ იყო საქართველოს ინტერესების შესაბამისი ქმედება, ეს იყო ელემენტარული პროვოკაცია და გამოწვევა. როგორც ჩანს, ძალიან უნდა, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობის დარეგულირების შანსები ნულამდე დავიდეს”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები