„გაუცხოება, რაც ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით, ძმობით უნდა დავარეგულიროთ“

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გაუცხოება, რაც ბოლო ორი ათწლეულზე მეტია ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით, ძმობით უნდა დავარეგულიროთ“,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენაზე – „ომი ჩვენს ობიექტივში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
„ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მოხალისეები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გაუცხოება, რაც ბოლო ორი ათწლეულზე მეტია ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით, ძმობით უნდა დავარეგულიროთ, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოფენა „ომი ჩვენს ობიექტივში“, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, აგვისტოს ომის ცხრა წლისთავს და ომში დაღუპულ კორესპონდენტებს ეძღვნება. გამოფენის იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძეა. მის რეზონანსულ კადრებთან ერთად, გამოფენაზე ფოტორეპორტიორების – ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებმაც მსოფლიოს ომის რეალური სახე დაანახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები