თავდაცვის მინისტრი ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრნენ.
ლევან იზორიამ კაპიტან შტეფან ანიჰოფერს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა:
„მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრესი. განსაკუთრებით გამოვყავით ორი მიმართულება, სადაც ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ. ეს ეხება, პირველ რიგში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გააქტიურდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ სხვა ინიციატივებს, მოხდება მათი სიქრონიზება და მაქსიმალური მუშაობა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიღწევა ჰქვია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს. ჯგუფის წევრები ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნატოს საერთაშორისო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიან.
„ჩემთვის დიდი სიამოვნება და პრივილეგია იყო, ვყოფილიყავი ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი. საქმიანობის პროცესში თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილისგან მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მქონდა. მხარს მიჭერდნენ ნატოს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები.
ყველა ერთად ძალიან კარგი გუნდი ვიყავით და კარგად ვითანამშრომლეთ. მეამაყება შესრულებული სამუშაო და ის, რომ კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი გააგრძელებს საქართველოში საქმიანობას. ის ძალიან კარგი ოფიცერია“, – განაცხადა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები