ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას, კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბრის ძირითადი თემა  გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო არა მარტო უსაფრთხოების მიმღები ქვეყანაა, არამედ საკუთარი წვლილიც შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ერთობლივი პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში გაიღო, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელმა, ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ მისი შვილი ქართველებთან ერთად იბრძოდა ავღანეთში და მისმა ოჯახმა პირადად იცის, რას ნიშნავს ქართველებთან ერთად ბრძოლა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ ისინი აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, ყველაზე მეტ ხანს – ორი დღით – საქართველოში დარჩნენ, რაც არ არის შემთხვევითი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჯო უილსონი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: მადლენ ბორდალო, პოლ კუკი, ჯონ გარამენდი და ჯეკი ვოლარსკი.

ვახშამს ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი. პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ვახშამს ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები