რატი იონათამაშვილი: დეოკუპაციის პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დეოკუპაციის პოლიტიკას და ქვეყნის ერთიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ გააჩნია.

“ჩვენთვის დეოკუპაციის პოლიტიკას და ქვეყნის ერთიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ პროცესში გადამწყვეტია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა. ის, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიოტიული მთლიანობა ყველას ერთნაირად ეხება და ამის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა პოლიტიკურ სუიციდს ნიშნავს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციას არ აქვს სახეობა და მისი ნებისმიერი გამოვლენა ერთნაირად მტკივნეულია. არც ერთი ქართველი არასდროს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2008 წელს რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ცხინვალის რეგიონში დამატებით 103 სოფელი დავკარგეთ, ხოლო კოდორის ხეობაში კიდევ 22 სოფლის ოკუპაცია მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხელისუფლებაში ხარ და გყავს ასეთი აგრესიული მეზობელი, ვალდებული ხარ პასუხისმგებლობა გამოიჩინო და იმგვარად გათვალო საკუთარი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დააქციო, დანაშაულებრივი სისულელით აგრესიულ მეზობელს ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებაში ხელი არ შეუწყო. ამიტომ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ამ ტრაგედიაში ლომის წვლილი თავად მიუძღვით, დღევანდელ ხელისუფლებაზე რაიმეს თქმა არის გაუგონარი უტიფრობა. სამწუხაროდ ეს არის მათი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად დეოკუპაციის პროცესში თავისი წვლილის შეტანის ნაცვლად, ქართული სახელმწიფოს (და არა ხელისუფლების) დისკრედიტაციას ისახავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნის მტრებთან ერთად, სწორედ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის და მისი ნამსხვრევების ინტერესშია, რადგან ყველა თავისი ქმედებით ის ყოველთვის, ადრეც და დღესაც ოკუპანტის – რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები