„ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით რომელიც პარლამენტარების ანაზღაურებას ეხებოდა, განცხადებას ავრცელებს. “გვინდა გამოვეხმაუროთ „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურებას და სხვა ხარჯებს. სიუჟეტში გადმოცემული იყო რამდენიმე არასწორი ინფორმაცია: 1. დეპუტატების პრემიებზე საუბარი არის ცრუ ინფორმაციის გავრცელება სიუჟეტის წყაროს მხრიდან, ვინაიდან ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში არასდროს, არც ერთ დეპუტატს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი. 2. პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერების მიერ დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის აღებაზე საუბარი, როგორც ეს სიუჟეტში იყო ნათქვამი, არის ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება – თანამდებობრივი დანამატი განისაზღვრება დეპუტატის საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით, არის ფიქსირებული და არ იცვლება თვიდან-თვემდე, არ არის დამოკიდებული რაიმე სუბიექტურ ფაქტორზე და წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს. 3. არასწორია ტერმინი ორმაგი ხელფასის ოდენობის დანამატი. აქვე განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ თანამდებობრივი სარგო და დანამატი, ორივე მათგანი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების კომპონენტებს და ამ ტერმინებით მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ სწორი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება და მისი ოდენობა 2008 წლიდან არ შეცვლილა. 4. რესპოდენტი საუბრობდა ავტომანქანებზეც – თუ დეპუტატს არ უკავია რომელიმე მაღალი საპარლამენტო თანამდებობა, მას საერთოდ არ ემსახურება სამსახურეობრივი ავტომობილი. 5. პარლამენტში არ არსებობს პრივილეგირებული დეპუტატი. ესეც ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციაა. ბუნებრივია, საპარლამენტო თანამდებობის პირებს აქვთ სხვა დეპუტატებთან შედარებით მაღალი შრომის ანაზღაურება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქაც საუბარია მცირედ განსხვავებაზე. 6. საუბარი იყო აგრეთვე დეპუტატების პასიურ მონაწილეობაზე პარლამენტის საქმიანობაში და რომ დეპუტატების 70% არც ერთი კანონის ინიციატორი არ არის, რაც ასევე არასწორი ინფორმაციაა. მაგალითისთვის: კონსტიტუციის ახალი პროექტის ინიცირება მოახდინა 108 დეპუტატმა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, რაიმე დაზუსტება საჭირო აღარ არის. ზოგადად, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული, რატიფიცირებული და მიღებული იქნა 395 კანონი, 1183 დადგენილება, 43 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი მონაწილეობას იღებს საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომებში, ასევე აქტიურადაა ჩართული კომიტეტების, ფრაქციების და კომისიების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, შესაბამისად, სრულად არიან ჩართულნი საკანონმდებლო საქმიანობაში. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატების ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობენ მაჟორიტარის ბიუროები რაიონებში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე ერთეული დეპუტატი ოპოზიციის რიგებიდან, რომლებიც საერთოდ არ დასწრებიან კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებს. 7. სიუჟეტში საუბარი იყო კონკრეტულ დეპუტატზე მიხეილ ყაველაშვილზე. თითქოს მან დეკემბრის თვის დანამატის სახით 4886 ლარი მიიღო, რაც ასევე არასწორი ინფორმაციაა, რადგან არა თუ მხოლოდ დანამატი, არამედ მიხეილ ყაველაშვილის შრომის ანაზღაურება მთლიანად შეადგენს ნაკლებს (თუ მსგავსი ანაზღაურება დაუფიქსირდა რომელიმე დეპუტატს, ეს შეიძლება მოხდეს ერთადერთ შემთხვევაში – როდესაც რაიმე გარემოების გამო მან მომდევნო თვეში მიიღო წინა თვეში მიუღებელი შრომის ანაზღაურება ან მისი ნაწილი და ამ ფაქტით მანიპულირება ასევე მიუღებელია). 8. არასწორი ინტერპრეტირება ქონდა მიცემული წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯების საკითხსაც. წარმომადგენლობითი ხარჯი წარმოადგენს არა მხოლოდ კვების ხარჯს, არამედ, გარდა ამისა, მოიცავს მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების ტრანსპორტირების, სასტუმროს, დახვედრის ღონისძიებების და სხვა პროტოკოლურ ხარჯებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ისეთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები როგორიცაა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ამბასადორიალი 2017 და სხვა. რეალური სამივლინებო 888 386 ლარიდან (ფრაქციების სამივლინებო ფონდებისა და დელეგაციების ფონდიდან დახარჯული ჯამური ოდენობა) 201 391 ლარი დაიხარჯა ოპოზიციის მიერ. დელეგაციების ფონდებიდან დაფინანსებული მივლინებები ემსახურება პარლამენტის წევრების მონაწილეობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს ვიზიტებში. ასევე ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციური ფრაქციების სამივლინებო ფონდების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გახარჯულია, ხოლო, მაგალითისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების”, რომელიც შედგება 86 დეპუტატისგან და წარმოადგენს ყველაზე მსხვილ საპარლამენტო ფრაქციას, დღეის მდგომარეობით სამივლინებო ფონდის მხოლოდ 21% არის ათვისებული. შესაბამისად, კონკრეტული ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ ხუთწუთიან სიუჟეტში საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის შესახებ მიეწოდა 8 არასწორი და არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია”,- ნათქვამია განცხადებაში. „ქართული ოცნება“ განცხადებაში ყველა მედიასაშუალების მიმართ პატივისცემას ადასტურებს და მიმართავენ ჟურნალისტებს. ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. „ვადასტურებთ რა უდიდეს პატივისცემას აბსოლუტურად ყველა მედიასაშუალების და ჟურნალისტის მიმართ, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ მათგანს, საზოგადოებას ნუ მიაწვდიან არასწორ, დაუზუსტებელ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას, ვინაიდან საბოლოო ჯამში ამის შედეგი გახლავთ საზოგადოების წევრების არასწორი ინფორმირებულობა, რაც თავის მხრივ, მოცემულ შემთხვევაში, არის დარტყმა პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე. ვფიქრობთ, ქართული საზოგადოება იმსახურებს ფლობდეს რეალურ ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები