თავდაცვის მინისტრი, ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, 25 წლის მდინარი ბებიაშვილის ოჯახში მივიდა და სამძიმარი გამოუცხადა. ლევან იზორია ზესტაფონის სოფელ მარტოთუბანში სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩავიდა. როგორც მან აღნიშნა, საქმე ტერორისტულ აქტს ეხებოდა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მისია საპასუხისმგებლო და რისკიანი იყო. „ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა ავღანეთში, სადაც ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ქართველი მოსამსახურე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ამ დროისთვის, სტაბილურია. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას პარტნიორებთან ერთად”,-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.
მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები