საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.0 პროცენტი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,9 პროცენტი, წლიური ინფლაციის დონემ კი, 6,0 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18,0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-9,0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 პროცენტი).
ასევე, საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5,5 პროცენტი), თევზეული (4,4 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 პროცენტით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები