დავით უსუფაშვილი: მაიკ პენსთან სამ ძირითად საკითხზე მექნება საუბარი

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება. როგორც მან განაცხადა, მაიკ პენსთან შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე ისაუბრებს.
უსუფაშვილის თქმით, საქართველო არის აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორი, ამიტომ საქართველომ ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კონცეფციაა „ამერიკა პირველ რიგში“, ჩვენი კონცეფციაა „საქართველო პირველ რიგში“.
ამ მიზნების რეალიზებისთვის ორი ქვეყნის ინტერესები არის სრულ თანხვედრაში. შესაბამისად, ჩვენი საერთო პრიორიტეტია საქართველოსა და ამერიკას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება.
ხვალ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსისთან მე მექნება საუბარი სამ ძირითად საკითხზე.
პირველ რიგში, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა აღმოსავლეთით მთელს კონტინენტზე საქართველო არის აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორი და ეს რეალობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი და წინა ხელისუფლების დემოკრატიული პოტენციალი არ არის ის მაქსიმუმი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია. ჩვენ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე ამას დავამტკიცებთ. საამისოდ კი გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მეტი დახმარება, რათა საკონსტიტუციო თუ სხვა პროცესებში დაცული იყოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტები.
და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკური ძლიერება და მოქალაქეების კეთილდღეობა არის აუცილებელი წინაპირობა, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ღირსეული და საიმედო პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომ ორივე მხარის ინტერესებშია საქართველოს გაძლიერებისთვის კომპლექსური და გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, გარკვეულწილად „მინი მარშალის გეგმა“, რისი პრეცედენტებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები