თენგიზ შარმანაშვილი – საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციას ხელი შეუწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა – უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ
“საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციას ხელი შეუწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა – უკვე მივეჩვიეთ, რომ ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით რაღაც დასკვნები გამოაქვთ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„საფრანგეთის პარლამენტის ამ რეზოლუციას ხელი შეუწყო, თუ ინიციატორი არ იყო, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტის პოსტზე, ისე პოსტპრეზიდენტობის პერიოდში მთელი მისი საქმიანობა დაფუძნებულია ქართველი ერის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაზე. ეს ძალიან ცუდი, სამწუხაროა, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ. საქართველოზე ზრუნვის სურვილი მათ არ აქვთ. ყველა ნარატივი, რომელიც რეზოლუციაში მოხვდა და რასაც ამბობენ სხვადასხვა სფეროში საქართველოს უკუსვლაზე, ერთი-ერთში იმეორებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც ამ ნაწილში არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. უბრალოდ ამბობენ, ჩვენ ასე მიგვაჩნიაო. არგუმენტი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ამას ვიტყვითო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.